2025 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც მკაცრ რეგისტრაციის ვალდებულებებს აწესებს იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უცხოური პრინციპალის სახელით ან მისი დაფინანსებით მოქმედებენ . კანონის გაცხადებული მიზანი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. 

ვის ეხება კანონი?

უცხოური პრინციპალის აგენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც: 

  • მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, დაფინანსებით, კონტროლით ან ზემოქმედებით; 
  • უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესით მონაწილეობს საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • საქართველოში მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
  •  საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას;
  •  წარმოადგენს უცხოური პრინციპალის ინტერესებს ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე

აგენტის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მაშინაც კი, როცა პირი ეთანხმება ან თვითონ იძლევა თანხმობას, იმოქმედოს უცხოური პრინციპალის სახელით -ხელშეკრულების არსებობა აუცილებელი არ არის.

ვინ არის უცხოური პრინციპალი?

უცხოური პრინციპალი შეიძლება იყოს:

  •  უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტია;
  •  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საცხოვრებელი ან რეგისტრაციის ადგილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა;
  • ნებისმიერი ორგანიზაცია,რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად არის დაფუძნებული.

უცხოური პრინციპალის აგენტად მიჩნეულ პირს ევალება:

  • წარადგინოს რეგისტრაციის განცხადება ანტიკორუფციულ ბიუროში;
  • ყოველ 6 თვეში წარადგინოს განახლებული ანგარიში;
  • აცნობოს ბიუროს ნებისმიერი ცვლილების შესახებ    10 დღეში;
  • წარადგინოს დოკუმენტაცია ელექტრონულად ან სხვა ფორმატში;
  • უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე, სისრულე და სანდოობა.

საინფორმაციო მასალების რეგულირება

კანონი განსაკუთრებულ რეგულაციას აწესებს საინფორმაციო მასალების გავრცელებაზე. კერძოდ:

  • ყველა მასალა, რომელიც ვრცელდება უცხოური პრინციპალის სახელი უნდა შეიცავდეს შესაბამის მინიშნებას;
  • აღნიშნული მასალები უნდა წარედგინოს ანტიკორუფციულ ბიურო 48 საათის ვადაში;
  • მასალები უნდა იყოს საჯარო მონიტორინგისთვის ხელმისაწვდომი.

ვის  არ  ეხება  კანონი?

კანონი არ ვრცელდება  შემდეგ სუბიექტებზე:

  • დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლები;
  • რელიგიური, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც არ ახორციელებენ პოლიტიკურ საქმიანობას;
  • ლობისტებზე,რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან შესაბამისი კანონით;
  • უცხოური პარტნიორები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს თავდაცვის ინტერესების ფარგლებში.

მედია საშუალებებზე გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • მფლობელთა 80% ან მეტი საქართველოს მოქალაქეა;
  • მედია დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით;
  • არ ფინანსდება ან იმართება უცხოური პრინციპალის მიერ.

სამართლებრივი პასუხისმგებლობა

კანონის დარღვევა ითვალისწინებს შემდეგ სამართლებრივ პასუხისმგებლობას: 

  • ფულადი ჯარიმა - 5,000- 10,000 ლარი ;
  • თავისუფლების აღკვეთა - 6 თვიდან 5 წლამდე;
  • რეგისტრაციის გაუქმება და საქმიანობის აკრძალვა კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში.