Tax Update
სატრანსფერო ფასწარმოქმნა 2026-ში: რა იცვლება და რატომ უნდა ვიყოთ მზად
2026-05-25
2026 წლის 24 თებერვალს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელმაც საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში ჩართული კომპანიების საგადასახადო ლანდშაფტი არსებითად შეცვალა. ცვლილების არსი მარტივია: მოგების გადასახადის დეკლარაციას თან ერთვის ახალი დანართი, „ინფორმაცია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებზე", რომელიც მოიცავს კონტრაჰენტების, ოპერაციების სახეობისა და მოცულობის, დებიტორული/კრედიტორული ნაშთებისა და სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის სტატუსის შესახებ ინფორმაციას.
ეს ნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახური პირველად მიიღებს სისტემატურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ კომპანიას აქვს და რომელს არ აქვს სატრანსფერო ფასწარმოქმნის (TP) დოკუმენტაცია. აქამდე ეს ინფორმაცია მხოლოდ საგადასახადო შემოწმების დროს ხდებოდა ცნობილი.
ვის ეხება
ახალი ვალდებულება ეხება კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ ორ პირობას:
- აქვთ ოპერაციები უცხოურ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებთან,
- ამ ოპერაციების ჯამური მოცულობა (ტრანზაქციები და შესაბამისი დებიტორული/კრედიტორული ნაშთები ჩათვლით) აღემატება 500,000 ლარს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
დეკლარაციის დანართში „ინფორმაცია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებზე" კომპანია ფაქტობრივად პასუხობს კითხვას: გაქვთ მზად TP დოკუმენტაცია, თუ არა? თუ პასუხი „არა"-ა, შემოსავლების სამსახურს პრაქტიკულად მზა სია აქვს იმ კომპანიების, რომლებიც საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებს ახორციელებენ, მაგრამ დოკუმენტაცია მზად არ აქვთ. რომელი კომპანია შეარჩევს შემოწმებისთვის, უკვე ტექნიკის საქმეა.
აქვე გასათვალისწინებელია მტკიცების ტვირთის საკითხი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, თუ კომპანია TP დოკუმენტაციას წარადგენს, მტკიცების ტვირთი საგადასახადო ორგანოს გადადის: მან უნდა დაასაბუთოს, რომ ფასწარმოქმნა არ შეესაბამება დამოუკიდებელი გარიგების (Arm's Length) პრინციპს. თუ დოკუმენტაცია არ წარდგება, ეს ტვირთი კომპანიაზე რჩება. სხვაობა არსებითია.
30 დღიანი ვადა
საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიას 30 კალენდარული დღე ეძლევა TP დოკუმენტაციის წარსადგენად. ვინც ამ სფეროში მუშაობს, იცის, რომ ეს ვადა არ არის საკმარისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
TP დოკუმენტაცია ფორმალური ქაღალდი არ არის. ის მოითხოვს კონტროლირებული ოპერაციების დეტალურ ანალიზს, ფინანსური მონაცემების დამუშავებას, საბაზრო შედარებების (benchmarking) ჩატარებას კომერციული ბაზებით (Orbis, Bloomberg) და OECD-ის სტანდარტებთან შესაბამისობის დასაბუთებას. მხოლოდ ბაზის ანალიზი შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
ამას ემატება ისიც, რომ შემოსავლების სამსახური პრაქტიკაში ითხოვს ხარჯების განაწილებას თითოეულ კონტროლირებულ ოპერაციაზე ცალ-ცალკე და უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ ტესტირებად მხარეებს. ჯგუფური ოპერაციების შემთხვევაში ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება.
თუ კომპანია დოკუმენტაციის მომზადებას შემოწმების დაწყების შემდეგ იწყებს, ორი სცენარია: ან არასრულყოფილ დოკუმენტს წარადგენს, ან ვადას ვერ დაიცავს. ორივე შემთხვევაში მტკიცების ტვირთი კომპანიაზე რჩება, რაც სწორედ ის შედეგია, რომლის თავიდან აცილებაც წინასწარი დაგეგმვით არის მხოლოდ შესაძლებელი.
რა უნდა გაკეთდეს ახლა
კომპანიებმა, რომლებსაც უცხოურ დაკავშირებულ პირებთან ან ოფშორულ კომპანიებთან 500,000 ლარზე მეტი ოპერაცია აქვთ, ორი რამ უნდა გააკეთონ: პირველი, გაარკვიონ, ექვემდებარებიან თუ არა ახალ ვალდებულებას; მეორე, თუ ექვემდებარებიან, TP დოკუმენტაციის მომზადება ახლავე დაიწყონ და არ დაელოდონ შემოწმების მოთხოვნას.
30 დღიანი ვადა არ არის მომზადების ვადა. ის წარდგენის ვადაა.
DGN Consulting-ის საგადასახადო გუნდი TP დოკუმენტაციის მომზადებას, ბაზრის ანალიზსა და საგადასახადო შემოწმებებში წარმომადგენლობას ეწევა. თუ ზემოთ აღწერილი საკითხები თქვენს კომპანიას ეხება და დოკუმენტაციის მომზადება ჯერ არ დაგიწყიათ, მოგვწერეთ: contact@dgn.ge